07/03/2023
სალამი, დღეს მინდა ერთი ძალიან ლამაზი დანა გაგაცნოთ, "ლაივში" გაცილებით ლამაზი და სასიამოვნოა, ვიდრე ფოტოზე, მაგრამ იმედია მაინც მოგეწონებათ, მე ძალიან მომწონს და ერთერთი ყველაზე ლამაზი დანაა რაც მქონია :) მაშ ასე, არის ასეთი ჩინური კომპანია WEKNIFE, შეიძლება ითქვას დანის მწარმოებელი სამი ჩინური "ვეშაპებიდან" ერთერთი. ამ კომპანიაზე სხვა დროს გეტყვით უფრო დაწვრილებით, როდესაც ხელთ ამათი დანა ჩამივარდება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, გამომდინარე უმაღლესი ხარისხიდან, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებიდან, პრემიუმ მასალებიდან :) ამ "ვეშაპს" ყავს შვილობილი "პატარა ვეშაპი" - CIVIVI (ისე ეს CIVIVI დედისერთა არ გეგონოთ, დედმამიშვილიც ყავს SENCUT სულ პატარა ვეშაპიკო :) ). სივივი 2018 წელს დაარსა "დედიკომ" რათა უფრო ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი დანებით გაენებივრებინა მომხმარებელი. მართალია სივივის დანები შედარებით ბიუჯეტური მასალებისაგან მზადდება, მაგრამ, არც მთლად მასეა საქმე, იგივე უმაღლესი ხარისხი, იგივე მსოფლიო დონის დიზაინერები, მასალებიც კარგი და ხარისხიანი (მათ შორის ფხვნილოვანი ფოლადებიც, დამასკოც, მიკარტაც, ნატურალური ხეც, კარბონიც). შესაბამისად, ზოგიერთი მოდელი არც თუ ისე იაფია და "დედობილი" ვი-ნაიფი "იძულებული" გახდა კიდევ უფრო ბიუჯეტური დანების საწარმოებლად კიდევ ერთი კომპანია - სენქათ-ი დაეარსებინა. თვითონ კომპანია CIVIVI - სახელს რაც შეეხება, ორი ჩინური სიტყვისაგან შედგება: CI-ბედნიერება და VI-სიამოვნება. მოკლედ, ჩვენი დანები, გამოყენებისას ბედნიერებას და სიამოვნებას მოგანიჭებენო ყოველთვის :)
თვითონ მოდელს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, Sokoke - სოკოკე/სოუკოკი (იმის მიხედვით რომელ ენაზე ვამბობთ) ჰქვია. სოუკოკი კატაა და იგი თანამედროვე კატების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა სამშობლოც აფრიკაა. ამ კატების ადგილობრივი პოპულაცია, სავარაუდოდ, საუკუნეების განმავლობაში კენიის სანაპიროებთან, არაბუკო-სოუკოკის ტყეში ბინადრობდა, სანამ მას 1978 წელს ორი ევროპელი ქალი აღმოაჩენდა. თავიდან ორი ასეთი კატა დანიაში წაიყვანეს, 1984 წელს კი კოპენჰაგენში გამოფენაზე პირველად გაიყვანეს. 1991 წელს მათ კიდევ სამი კატა შეემატა. XX საუკუნის დასასრულისთვის კი მისი რამდენიმე ახალი ხაზი გენოფონდის გასაფართოებლად ევროპასა და აშშ-ში შეიყვანეს. ეს კატა გამოირჩევა კარგი ხასიათით, არის ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ეჯაჭვება ოჯახის წევრებს, ხვადი თავის მეწყვილეს კნუტების მოვლაში ეხმარება, ამასთან, სოუკოკი მკვეთრად განსხვავებული მანერით, ლამის თითის წვერებზე დადის. მოკლედ ლამაზი და კარგი კატაა ეს სოუკოკი და დანაც ლამაზი და კარგი გამოვიდა :)
დანა რომ ლამაზი და კარგია, ამაში დიდი წვლილი დიზაინერს, შესაბამის წრეებში ძაალიან ცნობილ და კარგი სახელის მქონე დიზაინერს, რეი ლაკონიკოს მიუძღვის. რეი ლაკონიკო, არის ვიზალიადან, რომელიც მდებარეობს კალიფორნიაში, არის მხატვარი. რეი ბავშვობაში რემბოს ფილმების ყურების შემდეგ გატაცებულია დანებით. ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან აგროვებდა ფიქსირებულ დანა და ჯიბის დანებს. 2000-იანი წლების დასაწყისში მან დანის დამზადება დაიწყო და თავისი პირველი დანა გაყიდა 2005 წელს. 2006 წლის ზაფხულისთვის რეიმ გადაწყვიტა გამხდარიყო სრულ განაკვეთზე დანების მწარმოებელი. პირველი 4 წლის განმავლობაში, ის მხოლოდ ფიქსირებულ დანებს ამზადებდა. მისი ფიქსირებული პირების უმეტესობა შექმნილია "ქალაქგარეთ" გამოყენებისთვის, ბუშკრაფტისა და კემპინგისათვის. ზოგჯერ რეი ასევე ამზადებდა ბოუის ტიპის დანებს, რომლებიც მისი საყვარელი სტილი იყო. რეიმ დასაკეცი დანების დამზადება 2010 წელს ისწავლა და მას შემდეგ ამზადებს და აწარმოებს ყოველდღიურ ჯიბის დანებს, ყიდის მათ როგორც თავის მაღაზიაშია, ასევე, რეის "ქასტომ" დანებს ყიდულობენ კოლექციონერები მთელ მსოფლიოში, ხოლო ბრენდები Kizer, WeKnife და Artisan Cutlery აწარმოებენ მისი დიზაინის დანებს ბიუჯეტურ და პრემიუმ კატეგორიებში. რეის დანებს თუ დააკვირდებით, მისი თითქმის უნიკალურ სტილს დაინახავთ, ყველაფერი მარტივი და ლაკონურია, მაგრამ ძალიან გემოვნებიანი, ამასთან ფუნქციონალური. რეის დანები არაა უბრალო, ისინი უბრალოდ ლაკონურია :)
თავად დანა: პირის სიგრძე: 85.1 მმ
მთლიანი სიგრძე: 194.1 მმ
პირის ფოლადი: დამასკო (Damascus)
ყუა: 3.0 მმ
სიხისტე: 58-60 როქუელი
ტარის მასალა: შავი სელის მიკარტა
ჩამკეტი: Liner Lock
კერამიკის საკისრებზე
წონა: 99.9 გრ
გახსნა როგორც ცერისათვის განკუთვნილი კოტათი (George Lashkhi-ს დახმარებით, გავარკვიეთ, რომ რუსული шпенек-ის ქართული შესატყვისი ყოფოლა "მცირე კოტა". შესაბამისობიდან და ჟღერადობიდან გამომდინარე, thumb stud/шпенек აწი ჩემთვის იქნება ცერის კოტა, სანამ უკეთეს ვარიანტს არ შემომთავაზებთ :) ) ასევე ფრონტფლიპერით.
https://www.youtube.com/watch?v=bhn-lJhAZs0