15/10/2016
არ მიეჩვიო,
ორ საათამდე ძილს
და უზმოზე სიგარეტის მოწევას.
არ მიეჩვიო
ქარიანი ამინდის ნატვრას.
არ მიეჩვიო
ფეხით სიარულს
უსასრულობის ფსკერზე.
არ მიეჩვიო
სევდიანი მუსიკის მოსმენას.
არ მიეჩვიო ჩუმად ყოფნას.
არ მიეჩვიო წარსულზე ფიქრს.
არ მიეჩვიო მარტო ყოფნას.
არ მიეჩვიო ადამიანებისგან გაქცევას.
არ მიეჩვიო ოთახში შუქის ჩაქრობას
და საკუთარი უმწეობის ყურებას.
არ მიეჩვიო პოეზიას.
არ მიეჩვიო ხატვას.
არ მიეჩვიო სიყვარულით თავდავიწყებას.
რადგან ყველაფერი მიდის.
ყველაფერი მოძრაობს.
როცა ქარია ხეებს არ აქვთ სხვა გზა.
ისინი დგანან და ელოდებიან თავიანთ განაჩენს.
არ მიეჩვიო საკუთარ თავში ქექვას.
დაკარგულ საკუთარ თავს ვეღარ იპოვი.
არ მიეჩვიო შენს წამიერ ბედნიერებას,
რადგან ოთხმაგად დაისჯები რეალობისგან
არ მიეჩვიო ზღვის ჰორიზონტის ყურებას.
მატარებელი მიდის და შენს ვაგონში გამომწყვდეული
ვერაფრით გადაირჩენ თავს.
არ მიეჩვიო შენს მეორე მეს.
(რადგან შონ აბრამი შენი დროებითი არა რეალური არსებაა)
არ მიეჩვიო შენს არასრულყოფილებას.
შენს გაორებას.
შენს ოცნებებს.
შენს გზა დაკარგულ ანგელოზს.
შენს შიზოფრენიულ გადახვევებს.
შენს თავს.
არ მიეჩვიო.
არ მიეჩვიო ყოველ საღამოს,
კალვადოსიანი ჩაის დალევას.
(ასე იწყებენ ლოთებიც.)
არ მიეჩვიო საკუთარი თავის დაკარგვას,
თორემ რომ ვერ პოულობ,
შემდეგ კვდები,
და ახლიდან დაბადებას,
არაფრისგან ელი.
არ მიეჩვიო,
აღარცერთ ადამიანს,
რადგან მათ მხოლოდ უყვარხარ
და ვერ გიგებენ.
არ მიეჩვიო,
ამ დედამ..... ცხოვრებას.
შენ უნდა შეძლო,
შენ უნდა გარდაქმნა,
შენ უნდა დაბადო,
საკუთარი, გასაქცევი გზა.
არ მიეჩვიო
თავისუფლებას,
რადგან სწორედ მაშინ ხარ მონა.
არ მიეჩვიო,
ადამიანების დაბმას სიყვარულის თოკით.
ისინი აიწყვიტავენ და გაიქცევიან.
არ მიეჩვიო
სისულელეების წერას….
შონ აბრამი